სხვა ფუნქციები
სამგანზომილებიანი ბეჭდვა, სავარაუდოდ, არ ჩაანაცვლებს
სტანდარტული პროდუქციის მასობრივი, კონვეიერული წარმოების მეთოდებს, თუმცა ამ ტექნოლოგიის
საშუალებით შესაძლებელია ინდივიდუალური, სპეციფიკური ნაწილების აწყობა. სამგანზომილებიან
პრინტერებს გამოიყენებენ შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავის ნაწილების დასამზადებლად,
თუმცა ის არ გამოდგება სუპერმარკეტში გასაყიდი ათასობით სანაგვე ყუთის საწარმოებლად.
მაგალითად, კომპანია ”ბოინგი” უკვე იყენებს სამგანზომილებიან ბეჭდვას სამხედრო და სამოქალაქო
თვითმფრინავების 22 000 ცალკეული ნაწილის ასაწყობად. 









თუმცა სამგანზომილებიან ბეჭდვას შეზღუდვებიც აქვს. ასეთი პრინტერების
უმეტესობა ბეჭდვისთვის მხოლოდ ერთი ტიპის მასალას იყენებს. ამიტომაც ვერ დაბეჭდავენ
ეს პრინტერები ისეთ კომპლექსურ ნივთებს, როგორიცაა მობილური ტელეფონი. ამასთან ერთად,
ბევრი საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომელიც სამგანზომილებიანმა ბეჭდვამ შეიძლება შეუქმნას
ადამიანებს. შეერთებულ შტატებში კომპანია ”დეფენს დისთრიბიუთედ” უკვე მუშაობს მსოფლიოში
პირველი იარაღის შექმნაზე, რომელსაც მთლიანად სამგანზომილებიანი პრინტერი ააწყობს.

ამ ახალი
ტექნოლოგიით ხეირობს სამედიცინო დარგიც. სამგანზომილებიანი ბეჭდვის წყალობით ექიმებს
შეუძლიათ უნიკალური საგნების დამზადება, რაც ტრადიციული მეთოდებით შეუძლებელი იქნებოდა.
მარტში, ერთ-ერთი ოპერაციის დროს, ამერიკელმა ქირურგებმა სამგანზომილებიანი პრინტერით
აწყობილი თავის ქალის იმპლანტი ჩაუნერგეს პაციენტს. იმპლანტმა დაზიანებული თავის ქალის
75 პროცენტი ჩაანაცვლა.


No comments:
Post a Comment